სახალხო დამცველისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა დახურული იყო და ვერ ისაუბრებს პრეზიდენტის განწყობებზე. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "შეწუხებულია" ყველა მათ მიერ განხილული საკითხით.
"ერთი-ერთზე ვისაუბრეთ და იყო ღია, გულწრფელი საუბარი. მე ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის განწყობებზე და მის განცხადებებზე. ეს იყო დახურული შეხვედრა. მე დავაყენე ყველა საკითხი, 5 ივლისის მოვლენებზე, იმაზე, რომ ამაში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს იმ დღეს.
ვესაუბრე, რომ ჩემი აზრით, არასწორია და აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ, ჯგუფური ძალადობის მუხლით. შემიძლია თქვა, რომ პრეზიდენტი შეწუხებულია ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში ათობით მოძალადე რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას დააანონსეს. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.
პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.